ბათუმის წყლის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ. დასაქმებულებმა 2 ივლისს ქალაქის მერიასთან, შეუსაბამო პირობები და დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს. ირწმუნებოდნენ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, რისთვისაც დამატებით თანხას არ იღებენ. „ბათუმის წყალში“ კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ორგანიზაციის მტკიცებით, ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის პრემია ერიცხებათ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის წყალში დასაქმებულები მერიასთან, ექვსი თვის წინ განახევრებული ხელფასის აღდგენას მოთხოვნით, 2 ივლისს შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, რისთვისაც ანაზრაურებას არ იღებენ, არსებული ხელფასი კი მიზერულია.
აქციის მონაწილეებს არც შრომის პირობები მოსწონთ. ამბობენ, რომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მათ მოთხოვნებს, „ბათუმის წყალში“ ყოველ ჯერზე მუქარით უპასუხეს, რომ პროტესტის არსებობის შემთხვევაში, დაკარგავდნენ სამსახურს.
შპს „ბათუმის წყალში“ დღეს ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მიერ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ორგანიზაციის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც, ავარიულ და გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ, ხელფასი გამომუშავებით აქვთ, ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის კი პრემიას იღებენ.
რაც შეეხება ხელფასების გაზრდას, მარიკა გვიანიძის განცხადებით, ამის საშუალება, „ბათუმის წყალს“ წლის ბოლომდე არ აქვს.