ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნებისმიერ შეფერხებას და ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, კანონსაწინააღმდეგო შეფერხება. ნებისმიერი შეყოვნება ამომრჩევლის, მათ შორის კითხვის დასხმა იმის შესახებ, თუ ვის აძლევს ხმას, უკვე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ჩარევის უფლება კანონით აქვს მინიჭებული.
„რაც შეეხება ამომრჩეველთა დაყოვნების სრულად აკრძალვას, აქ ნამდვილად არის აღსრულების პრობლემა. მაქსიმუმ, რისი მობილიზებაც შს სამინისტროს არჩევნების დღეს შეუძლია, ეს არის 1000 საპატრულო ეკიპაჟი, მაშინ, როდესაც 3700 უბანია. ხმის მიცემის ციკლი 12-საათიანია და ამ ხნის განმავლობაში ამ ნორმის აღსრულება 3700 უბანზე 1000 ეკიპაჟის მიერ, წარმოუდგენელია. ეს ნორმა პირდაპირ ასე რომ ჩაგვეწერა, მივიღებდით ისეთ შედეგს, რომ აიკრძალებოდა საარჩევნო უბნებთან 25-მეტრიან რადიუსში დგომა, თუმცა, მისი აღსრულება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, ეს იქნებოდა მკვდრადშობილი ცვლილება. ჩვენ ვერ წავიდოდით ისეთ რეგულაციაზე, რომელიც იმთავითვე განწირული იქნებოდა აღუსრულებლობისთვის. მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში ეს რომ აღესრულებინა პატრულს და უზრუნველეყო 25-მტრიანი რადიუსიდან ამომრჩევლების გამოყვანა, წარმოიდგინეთ, როგორ სურათს მივიღებდით არჩევნების დღეს, როდესაც პატრულს ძალის გამოყენებით გამოჰყავს ამომრჩეველი უბნიდან. ისედაც ამძიმებენ ხოლმე ხელოვნურად კონკრეტული ტელევიზიები საარჩევნო სურათს და წარმოიდგინეთ, ეს რომ დაემატოს, რამდენად დამძიმდება სურათი არჩევნების დღეს. იყო კონკრეტული არგუმენტები, რის გამოც ჩვენ ამ ტიპის რეგულაციაზე არ წავედით, თუმცა ოპოზიციას რამდენჯერმე შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც გავინაწილებთ პასუხიმგებლობას იმის შესახებ, რომ არ დავიკავებთ 25- მეტრიან რადიუსს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ოპოზიცია დუმს და არავითარი პასუხი არ გვაქვს.
როდესაც საუბარია 25-მეტრიანი რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი არ აკეთებს ამას. 2019 წელს ექვს ოლქში გვქონდა არჩევნები და მცდელობა იმისა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი 25 მეტრის რადიუსი, მაგრამ ჯერ დილის რვა საათიც კი არ იყო, როდესაც არა მხოლოდ ოპოზიციის აქტივს, არამედ თავად ოპოზიციის ლიდერებსაც კი, დაკავებული ჰქონდათ 25- მეტრიანი რადიუსი და ამის შემდეგ ჩვენებიც იძულებული გახდნენ შესულიყვნენ 25-მეტრიან რადიუსში. საბოლოო ჯამში ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე, თუმცა ჯერჯერობით დუმილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.