ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

456

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას.

“აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.