ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 26 ივნისს რიგგარეშე სხდომა მოიწვია და ერთი საკითხი განიხილა: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით“. საკითხის ირგვლივ ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც ეკონომიკის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, პროექტი შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ის სოფელ ბახვში გახორციელდება. ის მიზნად ისახავს ამ სოფელში შიდა და სასოფლო საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებას.
“სამიზნე ჯგუფი პროექტისა ასე გამოყურება: ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები _ჩაის გადამამუსავებელი საწარმო, მშრალი ხილის საწარმო და „ჩაის გზა“. ნედლეულის მიმწოდებელი იქნებიან ადგილობრივი ფერმერები. სარებილიტაციო გზის მიმდებარედ ცხოვრობს 28 ოჯახი, რომელთა საკუთრებაში 50 ჰა ფართობია და ახდენე ნ აქედან მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას. ტურისტულ ლოკაციას „ჩაის გზა“ ყოველწლიურად 1200-მდე ვიზიტორი ეწევა,” – თქვა მამეშვილმა და დეტალურად ისაუბრა გასახორციელებელი პროექტის სიკეთეებზე.
საკრებულოს დეპუტატებმა პროექტის ირგვლივ დასვეს კითხვები.
კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ნანული ორაგველიძე დაინტერესდა, რატომ არ შეიძლებოდა გახორციელებულიყო ორი პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი უძველესი ტრადიციების მქონე ანასეულის აღორძინებას დაისახავ მიზნად. ასევე, ორაგველიძემ გამოხატა გაკვირვება იმის გამო, რომ როგორ ჩააბარებს მეურნე კივსა და კენკროვანებს, როცა ადგილზე გადამუშავების ტექნოლოგია არ არსებობს.
თავის მხრივ, დეპუტატებმა კერძო საუბარში განმარტეს ანასეულში წყალსადენის მშენებლობის შესახებ, რომლის დასრულება თუ არ მოხდა, ისე საგზაო მშენებლობა ვერ დაიწყება.
საკრებულოს სხდომაზე, ასევე, დაისვა სხვა საკითხებიც, კერძოდ, რა ბედი ეწევა სოფელ შრომის ყოფილ კულტურის სახლს, რომელიც, როგორც აღნიშნეს შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა.
“მაინტერესებს, რა ბედი ეწევა ამ თითქმის დანგრეულ საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობას. ტურიზმის განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, საჩვენებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ასევე, ნასკირალის მონუმენტზეც, ვთქვათ; ეს არის ბახვის მანიფესტი და ყველაფერი საერთოდ. ვიმედოვნებ, რომ აქედან ოზურგეთში შემომსვლელი გზა უნდა გაკეთდეს, როგორც საჭიროა. ვიმედოვნებ, გაითვალისწინებს ამას ჩვენი ხელისუფლება”, _ თქვა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა პროექტის დაწყებასა და მის მნიშვნელობაზე:
„პროცესი დავიწყეთ მართებულად. საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა, მეორე ეტაპი კი ამ გეგმიდან გამომდინარე, უკვე აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა და პროექტის განხორციელებაა. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება. გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საკმაოდ მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ტურისტული მიმართულებით. ამ ეტაპზე კი ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ტურისტული მომსახურების განვითარებას მოიცავს,” – თქვა მან.
„ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში ერთობლივად გამოაცხადეს საგრანტო კონკურსი. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. კონკურსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი ბიზნესი, წარმოება იყოს მხარდაჭერილი, მის განვითარებას ხელი შევუწყოთ. აქ საუბარია, სოფელ ბახვზე, სადაც პროექტი გახორციელდება და რასაც საკრებულოს მთელმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა“, _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა პროექტის წარმდგენმა, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა.
საბოლოოდ, საკრებულოს წევრების სრულმა შემადგენლობამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი პროექტის გახორციელებას.
“ამ პროექტის გახორციელება სასიკეთოდ იმოქმედებს მთლიანად გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს მომავლის პროექტია, რომელიც გურიას მხოლოდ აყვავებას უქადის,” – თქვეს დეპუტატებმა ლელა საჯაიამ, გოჩა კილაძემ, ტარიელ აროშიძემ და სხვებმა.