ქობულეთის მერმა, საკრებულოს, საქმიანობის ანგარიში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩააბარა

480

ქობულეთის მერმა, საკრებულოს, საქმიანობის ანგარიში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩააბარა. მირიან ქათამაძემ კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გაწეული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. თუმცა, მუნიციპალიტეტის მერმა პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა იმ თანხების შესახებ, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, მოსახლეობის დასახმარებლად დახარჯა.ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მოსახლეობისთვის დარიგებული სასურსათო კალათები და საჭიროების მიხედვით გაცემული მედიკამენტები – ასე დაიწყო ქობულეთის მერმა დღეს, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გაწეული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც საკრებულოს ჩააბარა.

შენიშვნები მოხსენების დასრულებისთანავე გაჩნდა. ოპოზიციამ, განაცხადა, რომ მირიან ქათამაძე სურსათით იმ ოჯახების დაეხმარა, რომლებიც „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები არიან.

ქობულეთის მერს არ უსაუბრია იმ თანხებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, მოსახლეობის მხარდასაჭრად დახარჯა. ოპოზიციას კითხვები ამ ნაწილშიც გაუჩნდა. დაინტერესდა, რა თანხა გაიღო მერიამ სასურსათო კალათების შესაძენად ან რამდენად ადეკვატური იყო დანახარჯი.

მირიან ქათამაძე გააკრიტიკეს იმისთვისაც, რომ მოსახლეობას, რიგ სოფლებში, წყალი ვერც პანდემიის პირობებშიც მიაწოდეს. პასუხები მოსთხოვეს სოფელ ზენითის საბავშვო ბაღში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებითაც. 19 ივნისს, საბავშვიო ბაღში საზეიმო ვახშამი გაიმართა, რითაც ბაღის კოლექტივმა, პანდემიის პირობებში დაწესებული რიგი მოთხოვნები დაარღვია.

მირიან ქათამაძემ, პრეზენტაციისას ძირითადა ისეთ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან, ასევე ძალოვან უწყებებთან ერთად განახორციელა. აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის იმ 4 სოფელში, სადაც შიდა გავრცელება იყო, ვითარება ეფექტურად მართა.

შენიშვნები და შეკითხვები ანგარიშის პრეზენტაციაზე მხოლოდ ოპოზიციას ჰქონდა. მმართველი გუნდის მხრიდან მხოლოდ მადლობები ისმოდა.

პრეზენტაციის დასასრულს, მერმა, სეზონურად, იჯარით გასაცემი მიწების უსასყიდლოდ გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. მოუწოდა საკრებულოს, რომ საკითხი დაჩქარებულად განიხილონ, რათა პანდემიის პირობებში, მოსახლეობამ შეღავათები დროულად მიიღოს. ინიციატივა ოპოზიციამ მოიწონა, თუმცა აღნიშნეს, რომ შეღავათი  მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, რამდენადაც, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს ტურისტი არ ეყოლება.