რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა.
მომხსენებელმა განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად,საქართველომ იტვირთა ვალდებულება, მოახდინოს ენერგეტიკის სფეროში საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას მისაღები რაოდენობის, ხარისხისა და ფასის სხვადასხვა ენერგეტიკული პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების გზით. ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა, შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისათვის.
„იმ ხუთწლიანი მუშაობის შედეგად, რომელიც 2014 -2019 წლებში გავწიეთ, იყო ძალიან დიდი შედეგი და ეფექტი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის, როგორც წყალმომარაგების, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ დღეს, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირ არ უნდა შევიდეს არც ერთ გარიგებაში და კონსულტაციის გარეშე არ მიიღოს არავითარი გადაწყვეტილება, საკუთრი ინტერესების საზიანოდ“,-განაცხადა მომხსენებელმა.
სალომე ვარდიაშვილმა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განმარტა, რომ წლის განმავლობაში 20 ათასამდე მოქალაქე მიმართავს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და იღებს სრულყოფილ და საჭირო მომსახურებას სამომხმარებლო ცოდნის გაზრდის მიმართულებით.
მისი თქმით, სამსახური აქტიურად მუშაობს მედიატორული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების დამკვიდრებაზე. ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციები, რომლითაც ენერგო ომბუდსმენი კომპანიებს მიმართავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებულია.
სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობიის სფერო მოიცავს რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. მან წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორის და ენერგეტიკის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე და გადაჭრილ დავებზე არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2019 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის საკითხებზე მიიღო – 128 გადაწყვეტილება. კომპანიებს გაეგზავნათ 308 რეკომენდაცია და 43 მიმართვა, რომელიც შეეხებოდა როგორც ერთეულ შემთხვევებს, ასევე მომხმარებელთა კოლექტიურ განცხადებებს“, – განმარტა სალომე ვარდიაშვილმა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
„მივესალმები ანარიშს, რომელიც თქვენ კომიტეტის წინაშე წარმოადგინეთ, ფაქტია, რომ წონასწორობის ასეთი ინსტრუმენტი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ამართლებს. ჩანს, რომ მოქალაქე ენდობა ამ სამსახურს და თქვენ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ამაზე ნათლად მეტყველებს. პარლამენტი, კომიტეტი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით იქნება მხარდამჭერი იმ ამოცანების განხორციელების საქმეში, რომელიც თქვენ დასვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
ენერგოომბუდსმენის ანგარიში შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ. „მადლობა ასეთი ჰიპერინფორმაციული მოხსენებისთვის. მართლაც მნიშნელოვანი ფუნქცია გეკისრებათ და კარგია, რომ ასეთ აქტიურია თქვენი ოფისი. ენერგოომბუდსმენი სიახლეა ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიშიც, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს ენერგოომბუდსმენის ოფისის შესახებ და იცოდნენ იმ გამოწვევებთან დკავშირებით, რომელიც მათ აქვთ, ვის, როდის და როგორ მიმართონ“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.