საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, იმერეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში: ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 8 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ორპირში, გელათში, მოწამეთაში, ტაბაკინში, ზედა კლდეთში, ქვედა კლდეთში, თრვინსა და გოგნში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 117 334 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1538 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
„ამჟამად მიმდინარეობს 6 მუნიციპალიტეტის 16 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რაც 2230 აბონენტს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში დასრულებულია 7 მუნიციპალიტეტის 20 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამწლიანი გეგმით იმერეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.