ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიას საბავშვო ბაღი ექნება. ერთი წლის წინ სოფელში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა, სადაც აღსაზრდელებს მხოლოდ 09:00-დან 13:00 სთ-მდე შეეძლოთ ყოფნა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
“ეს ყველაფერი არ იძლეოდა სრულყოფილი სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას. შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, იქნა გადაწყვეტილება მიიღებული, რომ სოფელ გედსამანიის საჯარო სკოლის პირველ სართულზე გამოუყენებულ ფართს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით, რაც აღსაზრდელებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს,”- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ასევე ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ღორეშაში არსებულ საბავშვო ბაღს ემატება ერთი ჯგუფი.
პროექტების განხორციელება ადგილობრივ ბიუჯეტს 42 541 ლარი დაუჯდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.