თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება იგეგმება. ამის შესახებ droa.ge-ს თელავის საკრებულოდან აცნობეს.
უწყების ცნობით, პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს, ინიციატივის სახით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა წარუდგინა. ორკოდაშვილის ინიციატივით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის, წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო უნდა დაწესდეს. ამისათვის კი საკრებულომ დადგენილება უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხზე წარმომადგენლობითმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.
„ჩემი ინიციატივაა, რომ ფინანსურად წავახალისოთ ის სპორტსმენები, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში თელავის მუნიციპალიტეტის სახელით იასპარეზებენ და მოიპოვებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს მასშტაბით გამართულ ჩემპიონატებში. პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში სპორტული მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ მიერ ინიცირებული პროექტის განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებს 15 ივლისამდე ექნებათ დრო. პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად 1 აგვისტომდე უნდა წარედგინოს.