თელავის წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებები მოიწონა. ამის შესახებ droa.ge-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტი რეგფონდიდან დასაფინანსებლად 32 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარადგენს.
საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
“კონკურსზე 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე არსებულ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სოფელ რუისპირის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტებს წარადგენს”, – აცხადებენ საკრებულოში.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილებები შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში. ცვლილებები უკავშირდება მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვას, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განსახორციელებლად და მათი საზედამხედველო მომსახურების დასაფინანსებლად არის გათვალისწინებული.