“ახალციხეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება” – რა გეგემები აქვს ახალ უფროსს

851

„წყალმომარაგების კომპანიის”, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ახლი მენეჯერი ამბობს, რომ ახალციხის წყალმომარაგების, მთავარი პრობლემა მოსახლეობის მხრიდან წყლის არამიზნობრივი გამოყენებაა. იგი მოსახლეობას პირდება, რომ ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გიგა გრიგოლაშვილი, რომელიც ახალ პოზიციაზე მუშაობას 22 ივნისიდან შეუდგა, ამბობს, რომ ახალციხელები სასმელ წყალს არამიზნობრივად, რეცხვისთვის, სარწყავად იყენებენ და არ ესმით, რომ ამით სხვის წილ წყალს ითვისებს. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ქალაქში ძველი სისტემაა და დაზიანებულ გაყვანილობებში წყლის რესურსის გარკვეული ნაწილი იკარგება.

„ურაველის სათავე–ნაგებობის მაქსიმალური სიმძლავრე 180 ლიტრი წამშია და ამ სიმძლავრის გაზრდა ჩვენზე დამოკიდებული არ არის, მის გაზრდას ვერ შევძლებთ, რაციონალუირად უნდა გამოვიყენოთ. ახალციხის რიგ დასახლებებში სასმელი წყალი პირდაპირი მნიშვნელობით იღვრება, დატაცება ხდება და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დიდი რაოდენობით არარაციონალურად იყენებენ“, – ამბობს გრიგალაშვილი.

მისივე თქმით, ახალციხის წყალანირების სისტემას რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა მისი ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია.

„თანხაც უნდა გამოიყოს. ერთ და ორ დღეში ასეთი პრობლემები არ გვარდება , რეაბილიტაცია ნებისმიერ შემთხვევაში უბან-უბან უნდა გაკეთდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის და მათი განხორცილელების კუთხითაც ვმუშაობთ, ასევე, ახალი სათავე ნაგებობების ახალი სიმძლავრეების დაგეგმვის კუთხითაც, მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს კარგი საიმედო ტიპის მონახაზები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც პერიოდის შემდეგ, ახალციხეს შევუქმნათ კუთვნილი კომფორტი, 24 საათის განმავლობაში მივაწოდებთ წყალს“,- თქვა გრიგალაშვილმა.