ხულოს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა

467

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ “გოდერძის” მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა ორი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. სოფელ რიყეთთან ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავდა.

როგორც ისინი აცხადებენ, წლების განმავლობაში კურორტ “გოდერძის” მიმართულებით გადაადგილება უჭირთ და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეიძლება მოძრაობა.

მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვს, რომ გზის დროული რეაბილიტაცია მოხდეს, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს გადაადგილება.

აქციის მონაწილეებთან ერთად, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გახსნას სთხოვდნენ. მოსახლეობამ ხულოს მერის ვახტანგ ბერიძის მისვლის შემდეგ ტერიტორია დატოვა.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე გზაზე არსებული ორმობის მოსწორება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, რომელიც აგვისტოდან გზის რეაბილიტაციას სრულად დაიწყებს.