ადამიანის უფლებათა ცენტრის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა უკანონო ბორდერიზაციით შექმნილი პრობლემებისა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის – ტყეებზე, საძოვრებსა და მიწებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი სხვა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან და საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე არაერთ სოფელში მოსახლეობას შეზღუდული აქვს სასმელი წყლის მიწოდება ან მიეწოდებათ სასმელად უვარგისი წყალი.
„პრობლემას წარმოადგენს, სარწყავი არხების არარსებობა და გაუმართავი სარწყავი არხები, რის გამოც მოსახლეობა ვერ ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. სოფელ დირბს, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახლახანს იმყოფებოდნენ, წლების განმავლობაში სასმელად უვარგისი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ. მოსახლეობამ, ასევე, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დაასახელა სოფელში სარწყავი არხების არარსებობა, რის გამოც ისინი სრულფასოვნად ვერ ამუშავებენ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და ვერ იღებენ მოსავალს. შედეგად, მათ შეზღუდული აქვთ საარსებო წყაროებიც“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
22 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ტახტისძირსა და დირბში.
„ამ სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის აპრილში დაიწყეს უკანონო ბორდერიზაცია – დაამონტაჟეს ძელები და გაავლეს მავთულხლართები. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ტახტისძირში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ინფორმაციით, დაახლოებით ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო კულტურები, სრულიად მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ეს მიწის ნაკვეთები იყო ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. მათი ინფორმაციით, ბორდერიზაციის ფაქტამდე, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მათ მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ უარი ეთქვათ რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაზე იმ მიზეზით, რომ მიწა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობდა. ოჯახისთვის სახელმწიფოს არ შეუთავაზებია სხვა სანაცვლო მიწა ან კომპენსაცია დაკარგულ მიწასთან დაკავშირებით. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს არათანმიმდევრულ და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუსაბამო პოლიტიკას საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მის დაუბრკოლებლად გამოყენებასთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას: შეიმუშავოს თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებთან შესაბამისი პოლიტიკა საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწით დაუბრკოლებლად სარგებლობას; საკუთრებაში დაურეგისტრიროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს კუთვნილი მიწის ნაკვეთი; იმ შემთხვევებში კი, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონო ბორდერიზაციით არის მიტაცებული, უზრუნველყოს დაზარალებულები ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე.