ქუთაისის მერია არქიტექტურის ორჯერ გაუქმებულ სამსახურს მესამედ ქმნის

590

ქუთაისის მერიამ, ერთ წელიწადში, არქიტექტურის სამსახურის გაუქმება, მისი ააიპ ორგანიზაციად  გადაკეთება, შემდეგ გაუქმება, ბოლოს კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბება მოასწრო. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მერიამ ერთი წლის წინ სამსახური ისე გარდაქმნა, რომ არც იცოდა რის უფლებას აძლევდა კანონი. 2019 წლის თებერვალში, როცა მერიამ ცვლილება განახორციელა, ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ ააიპ-ს ექნებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ფასიანი მომსახურება. ასევე, მოქალაქეები, რომლებსაც ნებართვის დაჩქარებული წესით მიღების სურვილი ექნებოდა, ამაში თანხას გადაიხდიდნენ. მერი ვარაუდობდა, რომ ა(ა)იპ-ს მხოლოდ პირველ ეტაპზე დასჭირდებოდა ფიქსირებული ბიუჯეტი, შემდგომში კი პირიქით, საკუთარი სახსრების მობილიზებას შეძლებდა.

ერთი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს ფასიანი მომსახურების გაწევის უფლებას  “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსი”  არ აძლევდა. შესაბამისად, ააიპ ორგანიზაციად გარდაქმნილ სამსახურს არც ის ფუნქცია შეუსრულებია, რის გამოც შეიქმნა და არც დამატებითი თანხების მობილიზება მოუხდენია. ერთი წლის შემდეგ კი, კოდექსში 151-ე პრიმა მუხლის დამატებით, ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის უფლება მიეცა. ქუთაისის მერიამაც ა(ა)იპ-ის გაუქმება და სსიპ-ის შექმნა გადაწყვიტა.

“ჩვენს ა(ა)იპ-ს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებია დაჩქარებული წარმოება, მოეთხოვა ამისთვის საფასური და მოქალაქეებისთვის დაჩქარებული ფასიანი სერვისები შეეთავაზებია. თავიდან იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ არ განხორციელდა. კანონში არ იყო ამის შესახებ ჩანაწერი და სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანომ არ მოგვცა იმის უფლება, რომ მიგვეღო დაჩქარებული ნებართვის საფასური, ან დაჩქარებული მომსახურების წესი დაგვედგინა. შესაბამისად, ვერ ახორციელებდა ა(ა)იპ-ი ამ ფუნქციას. ახლა, კოდექსში დაემატა 151-ე პრიმა მუხლი, რომლითაც მუნიციპალიტეტებს მიეცათ საშუალება შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ა(ა)იპ-ის”, – ამბობს მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.

ჩვენ კითხვები გვქონდა ჯერ კიდევ მოქმედი ააიპის ხელმძღვანელთან, რუსუდან ჩინჩალაძესთან, თუმცა, მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

როგორ და რამდენი თანამშრომლით დაკომპლექტდება ახლა უკვე სსიპ-ად გადაკეთებული არქიტექტურის სამსახური, ჯერჯერობით უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ჯერ ა(ა)იპ უნდა გაუქმდეს ოფიციალურად, შემდეგ კი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.