ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ

864

რაბათში, ათონელის ქუჩაზე, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. 1871 წელს ებრაელების მიერ აშენებულ ორსართულიან შენობაში, სახურავიდან წყალი ჩადის, ხის აივანი კი ინგრევა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ებრაელების გაშენებული სახლია თავისი გერბით, საქართველოში ანალოგი არ აქვს და რუსეთში კიდევ ერთი სახლია მსგავსი. ასეთი ისტორიული სახლი ინგრევა. სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“, – ამბობს ფანია იგითხანიშვილი და ამატებს, რომ ნგრევის შემთხვევაში დაზიანდება გაზის ცენტრალური მილიც.

ორსართულიან ისტორიულ სახლში, ახლა მხოლოდ ორი მაცხოვრებელია. პირველ სართულზე ფანია ცხოვრობს მეორეზე კი მისი და მანანა იგითხანიშვილი.

დები აცხადებენ, რომ წლებია სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ, რამდენჯერმე მერს მიმართეს, დაუკავშირდნენ ახალციხე-ადგიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გია კოპაძესაც. ყველა მიმართვაზე პასუხობდნენ, რომ ბინის რეაბილიტაციისთვის თანხა არ ჰქონდათ.

იგითხანიშვილები ამბობენ, რომ ებრაელები ისტორიული სახლის სანახავად ხშირად მიდიან და გაყიდვაც არაერთხელ შესთავაზეს.

„ამბობდნენ როგორ შეიძლება ეს სახლი ასეთ დღეში იყოს, სახელმწიფო არ გაქვთო?! ასე ძალიან უჭირთ რომ გააკეთონო. ეს ხომ ებარელების გაშენებულია და გული წყდებათ. სახლის გაყიდვაც შემომთავაზეს, მაგრამ არ გვინდა“, – ამბობს მანანა იგითხანიშვილი.

ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ იგითხანიშვილების სახლის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაბათის უბანში მდებარე სხვა სახლებსაც აქვთ. მერიაში გვარწმუნებენ, რომ სახლების რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა როდის, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„ათონელის N14-ში მდებარე იგითხანიშვილების სახლი მერიამ შეისწავლა. ვადასტურებთ, რომ სახლის სახურავიც და კედლებიც დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. გარდა აღნიშნულისა, რაბათის უბანში სხვა სახლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, რომ დასახლება მთლიანად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ამიტომ საჭიროა ამ უბნისთვის სპეციალური პროექტის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეთანხმდება“, – გვითხრეს მერიაში.