დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?

947

წინა სტატია

მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ნათესავი ყველას ჰყავს. რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო? ჩემი შვილი, რომელსაც მისი ცხოვრება აქვს, რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში? – ასე პასუხობს „ქართული ოცნების” მაჟორიტარი წევრი ანზორ ბოლქვაძე მის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ბოლქვაძის თქმით, მისი ქონების შესახებ ყველაფერი დეკლარაციაში წერია, ხოლო ნათესავი ყველას ჰყავს, რომლებსაც თავისი ცხოვრება აქვთ.

„მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ნათესავი ყველს ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც სხვა გზით ეხმარება მას. მე უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია განვაცხადო, რომ არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი. ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც, მეზობელიც, მაგრამ ერთი ის ვიცი, ყველას მისი ცხოვრება აქვს, ყველა მისი ცხოვრებით იკაფავს გზას, ამიტომ მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რა გამაჩნია. ასე რომ, ვის რატომ დასჭირდა და რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო, ჩემი შვილი, რომელსაც მისი ცხოვრება აქვს, რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში?- ეს ჩემთვის გაუგებარია,”- განაცხადა ბოლქვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ანზორ ბოლქვაძემ რომელიც12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია, სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.

„მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდესს სგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის და მისი ოჯახის წევრების ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.