მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ევროპულ საქართველოზე“ განუცხადა.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ინტერესებშია, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, რადგან ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
„მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. ისინი არიან აბსოლუტური ჩიხის რეჟიმში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ შეთანხმების ჩაშლა. ამას ვერ ეღირსებიან, 29 ივნისს გაიმართება კენჭისყრა და 116 ხმით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ის, რომ ახლოს ვართ 113-იან ნიშნულთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” პასუხისმგებლობა, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელჩების თანდასწრებით. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. არავის შერჩება ის, რომ ისინი ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს ისე არ გაივლის, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.