ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, გიორგი შენგელიამ განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019- 2020 წელს 109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლთა ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა. მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 საავტომობილო გზას.
ზუგდიდის მერმა ყურადღება გაამახვილა ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, ასევე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის შესახებ ისაუბრა ხაზგასმით, კერძოდ, ბოტანიკური ბაღის მშნებლობაზე, სადაც ვიზიტორებს შესვლა წლის ბოლომდე უფასოდ შეუძლიათ.
ზუგდიდის მერმა ასევე ხაზი გაუსვა წყალმომარაგების უმსხვილეს პროექტს, რომლის დასრულების შედეგადაც, ზუგდიდის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
მერმა ანგარიშის მსვლელობისას, დევნილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა, რომელიც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ეხება და განაცხადა, რომ სრულდება 3 კორპუსის მშენებლობა და უახლოეს პერიოდში საცხოვრებელ ბინებს მიიღებს 360 დევნილი ოჯახი. წლის ბოლომდე კი დასრულდება 600 ბინის მშენებლობა.
რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, რაგბის სტადიონი იყო ის დიდი სპორტული პროექტები, რომელთა შესახებ ზუგდიდის მერმა დეტალურად ისაუბრა.
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება ანაკლია-განმუხური.
“განმუხურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ანაკლიაში მიმდინარეობს კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია. ტურისტებს სრულ მზადყოფნაში ხვდება განმუხურში მდებარე აკვაპარკი. ზუგდიდში ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი პროექტი „ეთნო ცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება”, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
მუნიციპალიტეტის მერმა პრეზენტაციის დროს აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევად რჩება კორონავირუსი. გიორგი შენგელიას თქმით, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს და მათ მადლობა გადაუხადა.
“მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის საპრევენციო სამუშაოებში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით დახმარება გაეწია 10 000-მდე ოჯახს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო რუხის კლინიკა. ანაკლია-განმუხურში 140-ადგილიანი საკარანტინო სივრცე მოეწყო. თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 24 245 ადამიანს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 3500-მდე ნიმუშს”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.
ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა კითხვებსაც ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მერმა უპასუხა.