გასულ წელთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში 1 680 ჰექტარით მეტი მიწის ნაკვეთი მოიხნა და 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა. ამის მიზეზად, პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია სახელდება, რომელმაც ფერმერებს გარკვეული სტიმული მისცა ნაკვეთების დასამუშავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე სამცხე-ჯავახეთში სულ 34 975 ჰექტარი მოიხნა. 2019 წლის შემოდგომასა და 2020 წლის გაზაფხულზე კი, დაახლოებით 36 655 ჰექტარი.
სოფლის მეურნეობის განვითარების სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ ნაკევეთების დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე თქმით, პანდემის გამო, სოფლად დაბრუნებულმა მოსახლეობამ ისეთი მიწის ნაკვეთებიც კი დაამუშავა, რომლებიც დიდი ხანის მიტოვებული იყო.
„წელს შედარებით მეტი მიწის ნაკვეთი დამუშავდა და ამ დრომდე მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მოსახლეობამ ისეთი ტერიტორიები დაამუშავა, წლები მიტოვებული რომ ქონდათ. უფრო მეტად პანდემიის შიშით, რომ სოფლის პროდუქტზე ფასები არ გაძვირდეს და თავიანთი ჰქონდეთ, თან მოლოდინი გაუჩნდათ, რომ უფრო მეტს გაყიდიან“,– განმარტავენ რეგიონულ სამმართველოში.
რაც, შეეხება ნათესებს, 2020 წლის გაზაფხულზე 36 499 ჰექტარი დაითესა, გასულ წელს კი, 34 499 ჰა. წინა წელთან შედარებით, რეგიონის ექვსისვე მუნიციპალიტეტში 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა.
სამცხე–ჯავახეთში ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი მიწის ფართობი ახალქალაქში მოიხნა. 2019 წელს – 15 188 ჰექტარი, ხოლო 2020 წელს – 15 497.
ყველაზე ცოტა ფართობი ასპინძაში დამუშავდა: გასულ წელს – 2 013 ჰა, ხოლო წელს 2 124 ჰექტარი.
რაც შეეხება ნათესების რაოდენობას, ასევე ყველაზე მეტია ახალქალაქში: 2019 წელს სულ 15 175 ჰექტარმა შეადგინა, ხოლო 2020 წელს -15 466 ჰა.
ყველაზე მცირე ნათესების რაოდნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტშია. 2019 წელს სულ 814 ჰა, 2020 წელს კი, დაახლოებით 867 ჰა. სულ სამცხე–ჯავახეთში სახნავი ფართობის რაოდენობა 81 944.90 ჰექტარია.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს, ასევე შეეძლება შეიძინოს დიზელი საბაზრო ფასზე ერთი ლარით ნაკლები ღირებულებით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ ჰექტარზე ფერმერი 150 ლარის დიზელის საწვავის ვაუჩერს მიიღებს.