თბილისის საკრებულო: ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება იგეგმება

544

თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი, ამავე რაიონის გამგებელთან, კახაბერ სამხარაძესთან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, მარიამ კვერნაძესა და დედაქალაქის მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში და კერძოდ, ვარკეთილის მესამე მასივში ბევრი ავარიული კორპუსია, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია.

დოხტურიშვილის განცხადებით, ვარკეთილის მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანება იგეგმება, საიდანაც მოსახლეობას 7 540 კვადრატული მეტრი გადაეცემა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკები“ ჩანაცვლდება.

,,დედაქალაქის მერიამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. ვფიქრობ, მოსახლეობასთან შეთანხმებას მივაღწევთ და ისინი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალ ბინებს მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტი“ ახორციელებს.

საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატი დამატებით კონსულტაციებს და შეხვედრებს დედაქალაქის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან ერთად მომავალ კვირასაც გამართავს.