მდინარაძე: ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია – 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს

565

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 117 ხმით მოხდეს.

„საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს მოსახლეობიდან წამოვიდა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი საზოგადოება ეთანხმება იმ ცვლილებებს, რაზე შეთანხმებაც მხარეებს შორის 8 მარტს მოხდა. დღევანდელ სხდომაზე უკვე საშუალება მოგვეცა, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და პარლამენტში დავიწყოთ ამ ცვლილებების განხილვა. იურიდიული კომიტეტის სხდომამდე უმრავლესობის სხდომა გვექნება, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს, თუმცა ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გარანტირებულად. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რადგან ჩვენ უკვე შემდეგ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში დათვლილი გვაქვს 117 ხმა და იმ შემთხვევაში, თუ ყველა დეპუტატი, ვინც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, თავის პირობას შეასრულებს, პროექტის მიღებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის სხდომა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.