ბახმაროს ტერიტორიაზე მოხეტიალე შინაურ ცხოველებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ

1719

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს დასახლებულ ტერიტორიებსა და თავშეყრის ადგილებში, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ, მოხეტიალე წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაურ ცხოველებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. იზოლირებული ცხოველის მესაკუთრე კი, ყოველდღიურად 10 ლარს გადაიხდის. საფასური ცხოველის სულადობის მიხედვით გაიანგარიშება. შესაბამისი დადგენილება ჩოხატაურის საკრებულომ გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ შინაურ ცხოველებზე კონტროლის ორგანიზებას მოახდენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელსაც განახორციელებს ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტი ბახმარო“.

გამგეობის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ მოახდენს მეთვალყურეობის გარეშე მყოფ შინაური ცხოველის დაჭერას და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაყვანას, სადაც მოხდება შინაური ცხოველის იზოლირება, სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებისა და დარწყულების უზრუნველყოფით.

ბახმაროს ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი შინაური ცხოველის ყოველდღიური შენახვისთვის საჭირო თანხები შეადგენს 10 ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება ცხოველის სულადობის მიხედვით. გადახდა იწარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

იმ შემთხვევაში თუ იზოლირებული შინაური ცხოველი, პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო დაიღუპება, მფლობელს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ზარალი მთლიანად აუნაზღაურდება.

სპეციალური სადგომი აჭარისა და გურიის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ბახვისწყლიდან 150 მ-ის დაშორებით მოეწყობა.

იზოლირებული შინაური ცხოველი მესაკუთრეს მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაუბრუნდება, გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ დაადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ.

თუ შინაური ცხოველის მფლობელი იზოლირების ფაქტის შეტყობინების მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ თანხას, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, დაექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ, პრეტენზიები არ მიიღება. ხოლო, თუ მესაკუთრეს ვერ დაადგენენ, რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხა ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი დაექვემდებარება განადგურებას.

აღნიშნული დადგენილება, შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის წესსაც ითვალისწინებს.

შინაური ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას მათი შინაური ცხოველის გაშვება ბახმაროს დასახლებულ ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მათ უნდა უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველის მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების დაზიანება ბახმაროს ტერიტორიაზე. შინაური ცხოველის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ვეტერინარულ-სანიტარული შემოწმება ვაქცინაცია და შესაბამის ცენტრში მათ აღრიცხვა. შინაური ცხოველის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს. მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს მისი შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, შინაური ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში.

წყარო: აიპრესი