საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაციას აგრძელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მილიონი ლარია.
მათივე ცნობით, გამოწვევები, რომლებიც სამუშაოს წარმოების გრაფიკთან დაკავშირებით გააჩნდა კონტრაქტორ კომპანიას, ამ ეტაპზე, გამოსწორებულია და სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს.
ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს გზა უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის. ამ გზით, ასევე, შესაძლებელია გურიიდან აჭარის რეგიონთან, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.