სამგორის გამგებელი: ალტერნატიულ ფართებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

592

წინა სტატია

ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყოს ტერიტორია, სადაც მოვაჭრეები სურვილის შემთხვევაში დროებით განაგრძობენ საქმიანობას. ამის შესახებ სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეთანხმების მიხედვით, დღეს 11:00 საათზე დაიწყო რიგ-რიგობით მოვაჭრეების შეშვება – ექსპერტებთან ერთად ზარალს შეისწავლიან. ასევე, იმ საქონელს, რომელიც დაწვას გადაურჩა, გამოიტანენ, ეს პროცესი ალბათ, ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

367 მეიჯარეა და აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად წარიმართება ეს პროცესი. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზაობას, რომ გამოიყოს ტერიტორია, სადაც სურვილის შემთხვევაში დროებით განაგრძობენ საქმიანობას“, – აღნიშნა კახა სამხარაძემ.

რაც შეეხება ბაზრის ტერიტორიის აღდგენას, გამგებლის ინფორმაციით, ჯერ ექსპერტებმა უნდა დაასრულონ მუშაობა და შემდეგ უკვე ტერიტორიის გაწმენდის საშუალებაც იქნება.

ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება დაიწყეს.

ხანძარი ვარკეთილში ორშაბათს ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა და შემდეგ სხვა ობიექტებზე გავრცელდა. დაიწვა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის ჩაქრობაში 130-დე მეხანძრე- მაშველი და 25 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. მიმდინარეობს გამოძიება.