სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის გამო დაზარალებულები, დღეიდან ექსპერტების თანდასწრებით, ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და დაიწყება ზარალის აღწერა. დაგეგმილია სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც. ითქვა ისიც, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება როგორც ბაზრის ასევე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებთან და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
რაც შეეხება ალტერნატიულ ფართებს, გამგებლის თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხანძარს გადაურჩა და ადმინისტრაცია მზადაა მოვაჭრეებს იქ გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალება მისცეს.
ხანძარი ვარკეთილში ორშაბათს ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა და შემდეგ სხვა ობიექტებზე გავრცელდა. დაიწვა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის ჩაქრობაში 130-დე მეხანძრე- მაშველი და 25 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. მიმდინარეობს გამოძიება.