სარფის, გონიო-კვარიათის და ბათუმის შემდეგ, კიდევ ერთი სანაპირო ზოლი, რომელიც ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა, მწვანე კონცხის პლაჟია. პრობლემები ამ შემთხვევაშიც უცვლელია: დანაგვიანებული სანაპირო ზოლი, პლაჟზე ამოსული ბალახი და სანაგვე ურნების არ არსებობა. იქ ვერც გასახდელებსა და საშხაპეებს იპოვით. დამატებითი პრობლემა კი ისაა, რომ ღია არხის მეშვეობით, ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ მწვანე კონცხის მიმდებარედ, სანაპირო 2020 წლის ზაფხულსაც ისეთივე ინფრატსრუქტურული პრობლემებით ხვდება, როგორც გასულ წლებში. აქ პლაჟს ისევ ბალახი ფარავს და ისევ ღიაა არხი, რომლითაც ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. სწორედ ამ არხში ჩადის ირგვლივ არსებული კაფე-ბარების მოხმარებული წყალიც.
“მახინჯაურში, სანაპიროზე ვერც სანაგვე ურნებს დაინახავთ, რომ არაფერი ვთქვათ გასახდელებსა და საშხაპეებზე. სანაპიროსთან ახლოს არც საპირფარეშოებია მოწყობილი.
აღმოჩნდა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საპატიო მიზეზი ვერც პანდემია გახდა, არადა ტურიზმი დღეს იმაზე მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე ოდესმე. მაშინ, როცა ქვეყანა შიდა თუ საერთაშორისო ტურისტის იმედადაა, მათ მოსაზიდად საპირწონე ნაბიჯები მაინც არ გადადგმულა.
ბათუმის მთელ სანაპირო ზოლზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ბათუმის მერია და ბულვარი უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი მახინჯაურის სანაპიროა. ბათუმის მერია აცხადებს, რომ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში, სანაპირო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის და პასუხისმგბელობაც მას ეკისრება.
სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავს საკითხებზე პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში იღებენ, როცა მერიისგან წერილობითი მოხთოვნა შედის, ასეთი კი ამ დრომდე ბათუმის მერიისგან არ მიუღიათ. ეს ყველაფერი უწყებებში მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტეს და ჩვენს კონკრეტულ შეკითხვებს როგორც სამინისტროში, ისე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში თავი აარიდეს,”- ნათქვამია სიუჟეტში.