სურამულას არხის გასაწმენდად დაწყებული დავა დასრულდა. შესყიდვების სააგენტომ აღნიშნა, რომ ტენდერი ხარვეზებით ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კერძოდ, სამშენებლო კომპანია “ჯორჯიან ბილდიმ”, ისეთი სამუშაოების შესრულების გამოცდილება დაასახელა, რომლის ნამდვილობა არ დასტურდება. ამ “არარსებული” გამოცდილების საფუძველზე, 2020 წლის 15 მაისს ხაშურის მერიამ შპს “ჯორჯიან ბილდის” წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.
ეს პროცესი არ მოეწონა კომპანია “ბანის” წარმომადგენელს, რომელიც ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდა. “ბანი”-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაუშვებელია კონტრაქტი “ჯორჯიან ბილდთან” გაფორმდეს.
“კომპანია ჯორჯიან ბილდი აღნიშნავს, რომ იყო შპს “გზამშენი-18”-ის ქვეკონტრაქტორი, არ იკვეთება, თუ ვისი კონტრაქტორია თვითონ შპს “გზამშენი-18″ (აღნიშნული მონაცემი ვერ იქნა მოძიებული) და, ამასთან, მნიშვნელოვანია – შეეძლო თუ არა მას სხვა ქვეკონტრაქტორის აყვანა. შესაბამისად, მერიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა აღნიშნული მონაცემები და შემოწმების შედეგების გარეშე არ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული, შპს Georgian build-ის გამოცდილებად,” – აღნიშნავს “ბანის” წარმომადგენელი.
კომპანია ,,ბანი”-ს წარმომადგენელი თვლის, რომ თავის მხრივ შპს ,,გზამშენი-18″-ის დოკუმენტაციაა მოსაძიებელი, რომლის ქვეკონტრაქტორად ,,ჯორჯიან ბილდი” ითვლება.
“სატენდერო კომისიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა დამკვეთთან შპს “გზამშენი-18″-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეალობა, რომელიც ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული ელექტრონულ სისტემაში,” – აღნიშნავს ,,ბანი”.
ხაშურის მერიას ,,ბანის” ბრალდებებზე ჯერ პასუხი არ აქვს მზად.