სექტემბერში თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება

867

30 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა.

“ჩემი ინფორმაციით, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის წინასწარი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 21 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზა სატრანზიტო მნიშვნელობის იქნება, რაც დადებითად აისახება ახმეტის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ ახმეტის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ყაზბეგის მიმართულებით,ასევე საზღვარგარეთ, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც.,, – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა.

სამუშაოების შესრულება სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება და 20 თვის ვადაში მთლიანად უნდა დასრულდეს. გზის მოასფალტება ქალაქ ახმეტიდან უნდა დაიწყოს და 2017 წლის ბოლომდე 10 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, დანარჩენი 20 კმ სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება კი 2018 წელს გაგრძელდება.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“ (SRAMP) ფარგლებში განხორციელდება.

წყარო: აიპრესი