ამორტიზებული სპორტული მოედნები ქობულეთში, გაცემული დაპირებები და კვლავ შეუცვლელი რეალობა. უმეთვალყურეოდ დატოვებული სტადიონები რეაბილიტაციას ისევ საჭიროებს. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორია ავარიულ მოედნებზე ახალგაზრდების სპორტული ცხოვრება, – ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ეს სპორტული მოედანი 2010 წელს აშენდა. მშენებელ კომპანიას მისი მოვლა-პატრონობა ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში ევალებოდა. ვადა ამოიწურა და უმეთვალყურეოდ დატოვებულ სტადიონს მოუვლელობა დაეტყო. ხელოვნური საფარი უკვე იმდენადაა დაზიანებული, რომ ბავშვები უსაფრთხო თამაშს ვეღარ ახერხებენ. მოედანს განათებაც კი არ აქვს.
ეს მორიგი სპორტული მოედანია რუსთაველის ქუჩის კიდე ერთ ეზოში, რომელიც წლებია სარეაბილიტაციოა. მოთხოვნა ადგილობრივებმა არაერთხელ დააყენეს, თუმცა ქობულეთის მერიისგან დაპირების მეტი ვერაფერი მიიღეს.
დამტვრეული სკამები, რიგებს შორის ამოსული ბალახი, მწყობრიდან გამოსული სველი წერტილები და დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორია. ფიჭვნარში, 5 წლის წინ აშენებულ სტადიონს, ექსპლუატაციაში შესვლა დღემდე არ ეღირსა, არადა მის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტმა ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
ქობულეთის მერიაში გვარწმუნებენ, რომ სტადიონების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამსახურს წელს სამუშაოები ექვს ობიექტზე აქვს დაგეგმილი. ჯამში …… ლარის დახარჯვა აქვს გათვალისწინებული.
წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო მოედნების ჩამონათვალში, ვერც ამჯერად მოხვდა ფიჭვნარში, თავისუფალ ტურისტულ ზონაში აშენებული სპორტული კომპლექსი, რომელიც ორ მოედანს აერთიანებს.