საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 600-მა მოქალაქემ თქვა.
ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის ნაწილში კომუნალური სუბსიდიით 1.2 მილიონმა, ხოლო გაზის ნაწილში 670 000-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა.
„მარტის, აპრილის და მაისის კომუნალური სუბსიდიებით დაფინანსებაზე უარის თქმის პლატფორმით ისარგებლა 9 600-მა აბონენტმა. ძირითადად პირველ ორ თვეში იყო განაცხადების დიდი რაოდენობა, რადგან აბონენტებს წინასწარ შეეძლოთ უარის თქმა მომავალი თვეების კომუნალურ სუბსიდირებაზეც. ამ ეტაპზე გვაქვს ორი თვის დაზუსტებული მონაცემები, მარტსა და აპრილში კომუნალურ სუბსიდირებაზე დაახლოებით 110 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გახანგრძლივდეს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების კომუნალური გადასახადების სუბსიდიების პროგრამა, სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უკვე დაიძრა, აქტიურად წავა, მეტი სამუშაო ადგილი გაიხსნება, შესაძლოა, მსგავსი დახმარების დამატებითი საჭიროება არ იყოს.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარია გათვალისწინებული.