დასახლება გარე განათების, მოუწესრიგებელი საუბნო გზებისა და ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე, – ეს სოფელი ხიდარია. აქაურებს ყველაზე მეტად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, ხარაგაულში ჩასვლა უჭირთ. კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, მიკროავტობუსი ხიდრიდან ხარაგაულში დილის ცხრა საათზე გადის. თორმეტის ნახევარზე კი ხიდარში ბრუნდება. სოფელ ხიდარის საჭიროებებზე სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ხიდრელები ამბობენ, რომ მცირე დროში ყველა საქმის მოგვარებას ვერ ასწრებენ. ისინი ითხოვენ, რომ ტრანსპორტი ხარაგაულის მიმართულებით ყოველდღე თუ არა, კვირაში სამი დღე მაინც დადიოდეს. რეგულარული მიმოსვლით მძღოლს მეტი შემოსავალი ექნება.
ხიდრელები გაზიფიცირებისა და გარეგანათების აუცილებლობაზე საუბრობენ. თუ ეს ორი პრობლემა დროულად მოგვარდება, სოფელში ცხოვრება უფრო მიმზიდველი გახდებაო, – ამბობენ ახალგაზრდები.
ხიდარი თერთმეტ უბნად იყოფა: ჯორტების, შარიქაძეების, სეხნიაშვილების, სკოლის, ზაზა გლუნჩაძის, ბერიკელაშვილების, ხეცაძეების, მასხარაშვილების, გაგოშიძეების, პატარა სკოლისა და თამაზელაშვილების.
საუბნო გზები მძიმე მდგომარეობაშია
ხიდარში სკოლისა და ეკლესიის საუბნო გზები მობეტონებულია. ამჟამად შარიქაძეების საუბნო გზის მობეტონება მიმდინარეობს. შემდეგ სამუშაოები ჯორტების უბანში გაგრძელდება. ამ გზების რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.
მერის წარმომადგენელი ხიდარში კოტე ბერაძე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული მეწარმე თორნიკე ზვიადაძე არაკეთილსინდისიერად მოიქცა და სამუშაოების 10%-იც არ შეასრულა. წელს ხიდარში გზების რეაბილიტაციას ი/მ „მალხაზ დვალი“ აწარმოებს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გზა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანშია. ამ გზის პროექტი მზადაა.
“ვართ ისე, როგორც ყველა”, – ამბობს მასხარაშვილების უბანში მცხოვრები ხათუნა ბერაძე, – “საუბნო გზა მძიმე მდგომარეობაშია. გადაადგილება ორხიდიან მანქანასაც უჭირს. გვითხრეს, რომ წელს გაკეთდება და ველოდებით. რაც თავი მახსოვს, ზესტაფონში უფრო დავდივართ ჩვენი საჭიროებებისთვის, ვიდრე ხარაგაულში. ხიდრიდან ხარაგაულში გადმოსვლა ყოველთვის რთული იყო. ინტერნეტი სერიოზული პრობლემაა და ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისას ძალიან ვწვალობ”.
ხიდარში რომ საბავშვო ბაღი და მოასფალტებული ცენტრალური გზაა, ეს სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ყირგიზეთში უფრო ადვილად წახვალ ხიდრიდან, ვიდრე – ხარაგაულში
შვიდი წლის წინ თამარ თაბუკაშვილის სტიქიისგან დაზიანებულ სახლს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედმა კომისიამ მეორე კატეგორია მიანიჭა. წვიმის დროს სარდაფი წყლით ივსება. საკუთარი ძალებით სახლის საძირკველი შეაკეთა, მაგრამ ეს არასაკმარისია. მერიაში უთხრეს, რომ მხოლოდ იმ ოჯახებს ეხმარებიან, ვისაც საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაენგრა და ან დაეწვა, ან იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
“რა გავაკეთო ამ ერთი ხელფასით”, – წუხს თამარ თაბუკაშვილი, – “წვიმის დროს ბოსელიც წყლით ივსება. ყირგიზეთში უფრო ადვილად წახვალ ხიდრიდან, ვიდრე – ხარაგაულში. დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაულში რეგულარულად ივლის. მგზავრი არ ეყოლებაო, იძახიან. იქნებ ორშაბათს არ მაქვს საქმე ხარაგაულში?! რად გვინდა თვითმმართველობა, თუ მოსახლეობის ყველა საჭიროებას დროულად არ გაითვალისწინებს?!
ექიმს სოფელში, ფაქტობრივად, ვერ ვნახულობთ. საკმარისი ანაზღაურება რომ ჰქონდეს, რატომ ივლის ხიდრიდან ხარაგაულის სასწრაფოში სამორიგეოდ. ექიმი, უმეტესად, სულ გზაშია. ექთანი და ექიმი სკოლაშიც საჭიროა”.
ჯორტების უბანში მცხოვრები შოთა ბერაძე უმთავრეს პრობლემად უგზოობას ასახელებს. საშეშე მერქანი შორს იბეჭდება და ხარით იქამდე მისვლა ძალიან გვიჭირსო, – ამბობს.
რას გვპირდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ხიდარში მერის წარმომადგენელი კოტე ბერაძე იმედოვნებს, რომ წელს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან ზაზა გლუნჩაძის საუბნო გზის მოსაბეტონებლად და მასხარაშვილების საუბნო გზის პროექტირებისთვის გამოიყოფა. მისი ინფორმაციით, ხიდარში წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 11 ათასი ლარით სარიტუალო დარბაზთან მისასვლელი ხიდ-ბოგირი კაპიტალურად მოეწყობა და სოფლის ამბულატორია ავეჯით აღიჭურვება.
კოტე ბერაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს სოფელში ცხოვრება არ უნდათ, იმის მიუხედავად, რომ ხიდარში კარგი პირობებია მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის განსავითარებლად.
“კიცხის საზოგადოებრივ სახლში ლიბერთი ბანკის ოპერატორის ვაკანსია იყო”, – იხსენებს კოტე ბერაძე, – “დიდი ძალისხმება დამჭირდა, ხიდარში მაცხოვრებელი რომ დამერწმუნებია და ოპერატორად დასაქმებულიყო. საბავშვო ბაღსა და სკოლაში თანამშრომელთა ნაწილი ზესტაფონელია. არადა, ნორმალური ანაზღაურებაა და გული მწყდება, ჩემი თანასოფლელები რომ არ მუშაობენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის პროგრამებით დავაინტერესო. ლევან ჩაჩანიძე ჩაერთო პროექტში „დანერგე მომავალი“. ჟოლო გააშენა და ახლა მეურნეობის გაფართოებას ცდილობს. მალე სოფელში მეფუტკრეობის კოოპერატივი დაფუძნდება.
ინტერნეტის ორი პროვაიდერი კომპანიაა ხიდარში. ოჯახებს თვეში 20 ლარად ულიმიტო პაკეტს გვთავაზობს. ვფიქრობ, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. რაც შეეხება გაზიფიცირებას, წელს ხიდარსა და წყალაფორეთში დაპროექტება იგეგმება, ხოლო მომავალ წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება”.
ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი ამბობს, რომ სოფელში პრობლემები ეტაპობრივად გვარდება.
“შარშან გზების რეაბილიტაცია რომ ვერ დასრულდა, მოსახლეობა ძალიან ღელავდა”, – ამბობს ნონა ზურაბიანი, – “წელს ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად გვარდება. კიცხიდან სამსახურის შემდეგ ფეხით ვბრუნდები, რადგან ხიდარში ხარგაულიდან პირდაპირი ტრანსპორტი არ მოძრაობს. თუმცა, კიცხიდან მიკროავტობუსები თითქმის ყოველ საათში დადის.
ხიდარში ყველა მოსახლეს ვეხმიანები და მაქსიმალურად ვცდილობ, ვისაც სჭირდება, მუნიციპალურ პროგრამებში ჩავრთო. თუმცა, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. რაც შეეხება სოფელში გარე განათების მოწყობას, მომავალ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ეტაპობრივად დავგეგმავთ.
საკრებულოში ხშირად სიტყვით არ გამოვდივარ, მაგრამ მერიის სამსახურებთან ვთანამშრომლობ და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას იქ ვცდილობ. ხშირად მითქვამს, თუმცა, უშედეგოდ, რომ აუცილებელია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიით დაზარალების გამო მეორე კატეგორიაში მოხვდნენ. სანამ საცხოვრებელი გაუნადგურდება, ადამიანს მანამდე უნდა მივეხმაროთ”.