ხულოში, ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებამდე.
დოკუმენტების მიხედვით, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 6.818 კმ-ს.
„სარეაბილიტაციო გზა მიუყვება მდინარე სხალთის წყლის მარჯვენა ნაპირს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ადგილობრივი მნიშვნელობის ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის კმ 20+512-ზე, ახლად შეკეთებული მონაკვეთის დასასრულიდან და მთავრდება ამავე გზის 28-ე კილომეტრზე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად შეკეთებული მონაკვეთის დასაწყისთან. მონაკვეთი განთავსებულია როგორც დაუსახლებელ, ასევე დასახლებული სოფლების ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას“, – აღნიშნულია ტენდერში.
ტექნიკური დავალების მიხედვით, დაგეგმილია: „საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, ხიდების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას“.
2018 წელს დაგეგმილი იყო ხიხაძირიდან სოფელ ბაკომდე არსებული გზის რეაბილიტაციაც, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა. „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ორბიტას“ დირექტორი კი, პროკურატურის განცხადებით, დააკავეს.