რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

971

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

კომპანია ინტერტრანსის ხელმძღვანელობასა და ე.წ ალდაგის მიკროავტობუსების მძღოლებს შორის შეთანხმება დღიურ შენატანზე ვერ შედგა.

როგორც “ინფო რუსთავს” მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია, რის გამოც ისინი არსებულ დღიურ შენატანს კომპანიას ვერ გადაუხდიან და შენატანის შემცირება ითხოვეს.

კომპანიისგან საპასუხოდ კი სამუშაო პროცესის შეჩრების მითითება მიიღეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კომპანია ინტერტრანსშიც.

“მოგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება ალდაგის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლების ნაწილის მოთხოვნას გეგმიური შენატანის დაკლებასთან დაკავშირებით, 2 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება.

კომპანია ინტერტრანსის ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნას, რაც მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს.

კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არც ერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან.

რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია,”- განაცხადეს კომპანია ინტერტრანსში.

როგორც ინფო რუსთავს მგზავრებმა განუცხადეს, ამ დროისთვის ისინი ტრანსპორტის გარეშე არიან დარჩენილები და სპორტის სასახლიდან მომავალ რუსთაველებს ქალაქში დასაბრუნებლად ალტერნატიული ტრანსპორტის მოძებნა მოუწევთ.