გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას წყლის პრობლემა რამდენიმე დღეში მოუგვარდება

601

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სოფელში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის 1200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 1000 ტონამდე წყალს აწვდიან, თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს.

“ერთ კვირაში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მრიცხველის კვანძის გადალუქვის სამუშაოს დასრულების შედეგად, შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის სტაბილური მიწოდებით.

მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს”, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.