თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობისთვის ანგარიშის ადგილზე ჩაბარებას აგრძელებს.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან ვლადიმერ გოგსაძესა და ავთანდილ ნარიმანიძესთან ერთად ართვინის ქუჩა N53-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, ასევე ართვინის, მნათობის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და სამი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
რიმა ბერაძის განმარტებით, მისი მაჟორიტარობის პერიოდში რაიონში არსებული 279 ქუჩიდან 169 ქუჩა შეკეთდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 72 შენობას, ხოლო გამაგრებითი სამუშაოები კი 200-მდე შენობას, აღდგა და გაიხსნა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი, მოეწყო 37 სპორტული მოედანი, მოწესრიგდა 60-მდე სკვერი და მოგვარდა კიდევ ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული საკითხი.
დეპუტატის ინფორმაციით, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე ჩუღურეთში მცხოვრები დევნილებისთვის მათ მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ამ სამი წლის განმავლობაში 10 300-მდე მოქალაქე მიიღო და მათგან 4 000-ზე მეტს გაეწია შუამდგომლობები, რომლებიც დაკმაყოფილდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც მაჟორიტარმა მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას დაპირდა.