ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის,“ ფარგლებში 10 რეგიონის საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდების საჭიროებების, ინტერესებისა და დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით კვლევას იწყებს, რაც საფუძვლად დაედება ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ვინაიდან პოლიტიკის შექმნისას მტკიცებულებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები და გამოწვევები, ახალგაზრდების საჭიროებები და ახალგაზრდების შესაძლებლობები.
„კვლევა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: უფლებებთან წვდომა, დასაქმება, განათლება, მონაწილეობა, ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობა და სხვა მომიჯნავე საკითხები.კვლევა მოიცავს სამაგიდე, რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს და ისეთ მეთოდოლოგიებს, როგორიცაა დისკრუსის კვლევა, შედარებითი ანალიზი, ფოკუს ჯგუფები, სატელეფონო ჩაღრმავებული ინტერვიუები და ა.შ.ამჯერად სააგენტო კვლევის ყველაზე შრომატევად საფეხურზეა – რაოდენობრივი კვლევა ონლაინ-გამოკითხვის საშუალებით ტარდება. კვლევის ეს ნაწილი 10 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება, მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს (14–29 წელი) რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებს.კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია და კითხვარი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3cQzNxh
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააგენტოსთან ერთად კვლევის პროცესში, როგორც კოორდინაციის, ისე აღსრულების ნაწილში, ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც სააგენტოს მიერ ორგანიზებული „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების ოთხეტაპიანი პროგრამის პირველი ნაბიჯი უკვე გაიარეს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში ხუთდღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც გაუმყარებთ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ.
სამიზნე მუნიციპალიტეტების შესარჩევად, სააგენტო 10-ვე რეგიონის 64–ვე მუნიციპალიტეტს ეწვია და ადგილზე გაეცნო ახალგაზრდულ სფეროში არსებულ საჭიროებებს, გაითვალისწინა მათი გამოწვევები და სფეროს ექსპერტების რეკომენდაციები, აპრილში კი 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან (ქობულეთი, ოზურგეთი, ონი, ზუგდიდი, მესტია, ქუთაისი, გორი, თიანეთი, დმანისი, სიღნაღი და ახალციხე) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დისტანციურად გაფორმდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.