ინდივიდუალური სახლების გარდა, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი იზრდება  

609

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით ახალი მშენებლობებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის გაზრდა იგეგმება. დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილის და გოჩა ენუქიძის ინიციატივით და ავტორობით მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად ცვლილება შევა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  კანონში და გარკვეული მშენებლობებისთვის მოსაკრებლის რაოდენობები გაიზრდება.

დღეს მოქმედი ნორმით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლისოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანებისინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატულიმეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველოობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს.

კანონპროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა კვლავ 4 ლარი რჩება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისმშენებლობისათვის იზრდება და არ უნდა აღემატებოდეს 11 ლარს.

ამასთან, პროექტით ჩნდება ახალი კატეგორია, რომელშიც შევა ყველა შენობა, გარდა ზემოთნახსენები ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის და ამ კატეგორიისთვის მოსაკრებელი არ  უნდა აღემატებოდეს 10 ლარს.

გარდა ამისა, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ მოსაკრებელი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად, საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან მოსაკრებლის ოდენობა იქნება არაუმეტეს 7 ლარი, 2024 წლის 1 იანვრიდან არაუმეტეს 9 ლარი და 2025 წლის 1 იანვრიდან არაუმეტეს 11 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ მშენებლობებს, ინდივიდუალური სახლების გარდა, 1 კვ.მ-ზე მოსაკრებელი 2023 წლის 1 იანვრიდან იქნება არაუმეტეს 6 ლარი, 2024 წლიდან – არაუმეტეს 8 ლარი, ხოლო 2025 წლიდან – არაუმეტეს 10 ლარი.

კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მიღების მიზეზად დღეს არსებული მოსაკრებლის შეუსაბამოდ დაბალ ფასს ასახელებენ.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსაკრებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის, რაც ცხადია, მათ შემოსავალს მცირედით მაინც გაზრდის.