ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი 15 ივნისიდან გაიხსნება

711

15 ივნისიდან ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნება, დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, შესვლა კი კვლავ უფასო იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ეროვნულ პარკში შესვლა პანდემიის დროს, გარკვეული პერიოდი შეზღუდული იყო, ახლა ნებადართულია. პარკის ოფიციალურ გახსნამდე დამთვალიერებლების აღწერას რეინჯერები აწარმოებენ.

„ამ ეტაპზე არ ვიცით გაიხსნება, თუ არა კოტეჯები ან შესაძლებელი იქნება თუ არა კარვებით და ცხენებით მომსახურება. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, თითოეულმა ობიექტმა უნდა დააკმაყოფილოს კოვიდის საწინააღმდეგოდ შემოუშავებული მოთხოვნები“, – განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, პარკის ტერიტორიაზე შესვლა კვლავ უფასო დარჩება.

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ვიზიტორებს, ამის შესახებ ინფორმაცია ორი დღის ვადაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდსა და ფეისბუკზე გამოქვეყნდება.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 ტურისტული ბილიკია. ყველაზე გრძელი ბილიკი 54 კილომეტრია და მის გავლას ოთხი დღე სჭირდება. ეროვნულ პარკში ასევე სალაშქრო, საცხენოსნო, სამთო–ველო და თოვლის ფეხსაცმელების ბილიკების სიგრძე 200–ს კილომეტრზე მეტია.