ქალაქ ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისი შენდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განახლებულ სივრცეში ისარგებლონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
„მოსახლეობას სატყეო სამსახურის სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, რადგან ახალი ოფისი რაიონული ცენტრის ახლოს შენდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომლეთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად, ასევე, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.