ნინოწმინდასა და ტამბოვკაში ადგილობრივები საძოვრების პრობლემაზე ჩივიან

573

მორიგი პროტესტი ნინოწმინდაში, ადგილობრივები ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივიან. ამჯერად დახმარებას ქალაქ ნინოწმინდის და სოფელ ტამბოვკას მოსახლეობა ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრების ფართობი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, გზა, რომლითაც პირუტყვი საძოვარზე დაჰყავთ, გაყიდულია.

„სად არის კანონი და ხელმძღვანელობა?! 500–მდე საძოვარი უკანონოდ გაყიდეს. ვის აქვს უფლება საძოვრების გაყიდვის? გლეხები მიწათმოქმედებით ვირჩენთ თავს, მაშინ დაგვასაქმონ. დაურეკონ ექსპერტებს და მოაგვარონ ეს საკითხი. ყოველწლიურად ვიკრიბებით, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება”,- აცხადებს რადიო “ნორთან” ნინოწმინდაში მცხოვრები ხორენ ბდოიანი.

ნინოწმინდელების გარდა, საძოვრების პრობლემა აქვთ სოფელ ტამბოვკაში მცხოვრებლებსაც, ადგილობრივები დახმარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიასთან გუშინ, რვა ივნისს შეკრიბნენ.

„ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საძოვრებს ვიყენებდით ვადა გაუვიდა, გვინდა ისევ გადმოგვცენ მიწები და გამოვიყენოთ სოფელმა. გარდა ამისა, გვაწუხებს კახეთიდან ჩამოყვანილი ცხვრის სუნი. დღის განმავლობაში, 5 000-ზე მეტი ცხვარი დადის ტამბოვკას მიწებზე, ისინი აფუჭებენ ბალახს, უნდა ნახოთ რა დღეშია ჩვენი საძოვრები. მთელი სოფელი მტვერშია, ტბის წყალი ტალახისგან დაბინძურებულია”,– აცხადებენ ტამბოვკის მაცხოვრებლები.

ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეკონომიკის სამსახურის უფროსთან, საიათ მკოიანთან ერთად გაარკვევს, ვის ეკუთვნის სადავო საძოვრები და გზა, ამის შემდეგ კი ეცდება გამოსავალი მონახოს.

სოფელ ტამბოვკაში მცხოვრებლებს კი საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კურეღიანი შეხვდა.

„მოვუსმინე მოსახლეობას, ძირითადად სოფლის საძოვრებზე იყო საუბარი. იმ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ადგილობრივები საძოვრებს იყენებნდენ ვადა გაუვიდა. მე მოსახლეობას ვთხოვე, რომ მოგვმართონ წერილობით, რადგან განცხადების გარეშე მე არ მაქვს ჩარევის უფლება”,– თქვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კურეღიანმა.

საძოვრების პრობლემა ნინოწმინდის და ტამბოვკას გარდა აქვს ორლოვკის, ჟდანოვაკანის, საღამოს და გორელოვკის მოსახლეობასაც.

მოსახლეობის პროტესტის შესახებ მასალა რადიო „ნორმა“ გამოაქვეყნა