ქარისგან დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად, გორის მერია ახალ კომპანიას ქირაობს

775

წინა სტატია

ქარისგან დაზიანებული კორპუსის სახურავის შესაკეთებლად, გორის მერიას ხელშეკრულების გაფორმება შპს “მოურავთან” სურს. აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების შეძენა მერიას გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა. ამისთვის უწყება ბიუჯეტიდან 10 703 ლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.  

“ვინაიადან 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N138 ხელშეკრულების ფარგლებში საგარანტიო პერიოდიდან გამომდინარე იწყება სტალინის N1 სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილ დამატებით სამუშაოებზე მოხდეს ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება პირდაპირი წესით”, – წერია გორის მერიის მოხსენებით ბარათში.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი კომპანია სახურავზე სარტყელს შემოავლებს და 2017 წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს გადახურვის სამუშაოებს.

უწყებაში ფიქრობენ, რომ კორპუსს აღნიშნული სარტყელი რომ ჰქონოდა, ქარი სახურავს ვერ გადახდიდა.

შეგახსენებთ, რომ სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსს ქარმა სახურავი 3 ივნისს გადახადა. მაშინ გორის მერიაში ამბობდნენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან თანხები აღარ დაიხარჯებოდა და ხარვეზს ის კომპანია გამოასწორებდა, რომელმაც 2017 წელს კორპუსი გადახურა. ახლა კი, გორის მერია ამბობს ახალი კომპანიის დაქირავება და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაღებაა საჭირო.