ბახმაროში მოსახლეობის გამრიცხველიანება მიმდინარეობს

1082

ბახმაროში ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება, ბახმაროში მიმდინარე გამრიცხველიანებით საუკუნის პრობლემა გვარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. 

სუბარის თქმით, უშუქობა და უწყლობა ბახმაროს მუდმივი პრობლემა იყო, დღეს კი უკვე დასრულების პირასაა ის სამუშაოები, რაც ამ პრობლემებს მოხსნის და 12 თვის განმავლობაში ბახმაროს ექნება კარგი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი

პროექტის მიხედვით ბახმაროში უნდა აშენდეს 9 სატრანსფორმატორო ქვესადგური; მომხმარებლების სიახლოვეს დამონტაჟდება 12-მრიცხველიანი ჯგუფური ძალოვანი კარადები, საერთო ჯამში 345 კარადა, საიდანაც სპილენძის მრავალძარღვა მიწისქვეშა კაბელით მოხდება აბონენტების ელექტრომომარაგება; თითოეულ აბონენტთან კი დამონტაჟდება ავტომატური ამომრთველი გარე დადგმულობის ინდივიდუალურ კოლოფში, რომელზეც მიერთდება აბონენტის შიდა ქსელი.

“დენი გვაქვს ახლა ბახმაროში, მაგრამ დაბალი ძაბვაა ძალიან და არაა მუდმივად. სამომავლოდ ბახმაროს მაღალი ხარისხის ელექტრომომარაგება ექნება. მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება, ყველამ უნდა იცოდეს, რა რაოდენობის დენს მოიხმარს და იქნება შესაბამისი გადახდაც. რაც მთავარია, ეს იქნება უწყვეტ რეჟიმში. წელიწადის ოთხივე დროს. იგივე შეეხება წყალს. წყლის მოხმარებაც იზრდება, ბუნებრივია, რადგან ძალიან ბევრი ახალი მშენებლობა მიდის. ადრე ვინც დადიოდა ბახმაროში, ამბობენ, რომ წყლის რიგებში ვართ გაზრდილიო. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალი ყველა ოჯახს ექნება და რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება მოხმარებული რაოდენობის აღრიცხვა,”- აცხადებს სოზარ სუბარი.