ქუთაისში ფარიკაობის სკოლასა და კრივის დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

944

ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ეწვივნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს, როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას – შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები.

სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს.  ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77 774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეთლახის და კაფელის იატაკები, ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი. კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 10 9961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ბა-ნიმ” სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს.