როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც დამატებით 58 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს 1000 მეტრ, ან მის ზემოთ სიმაღლეზე.
უწყების ცნობით, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის, ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.
58 დასახლებიდან, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, 19 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 795 დასახლებას, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 272 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.
დასახლებების სია, რომლებსაც დამატებით მიენიჭათ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი: