გიორგი გახარიამ ფერმერებს მიმართა: მითხარით რეალისტური იდეა, რომელსაც წავალ და გავაკეთებ და არა – გამიუქმეთ გადასახადები, ამის მოთხოვნა მარტივია

597

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი. საწვავის გაიაფება ძალიან დიდი თემაა და ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სახელმწიფო სოფლის მეურნეობას უნდა მიეხმაროს, პირველ რიგში ჰორიზონტალურად ყველას. უნდა მიეხმაროს საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში, ისევე როგორც ჰექტარ მიწაზე ვაუჩერიზაცია კარგი თემაა, კარგად უნდა გამოვიყენოთ ეს. მე როგორც ვიცი, დღეს 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა, აგროდიზელითაც სარგებლობენ.

ასეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილიც დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ, ამისთვის ვართ შეკრებილი. იქიდან ორი, თუ სამი იდეა წამოვიღეთ, წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც სარწყავი არ აქვს გვერდზე და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა წვეთოვანის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსე, საიდან უნდა მოიტანოს წყალი?

ვიღაც ჭკვიანმა კაცმა, ფერმერმა ეს გვითხრა და გავუკეთეთ ესეც, დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც, სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი, ვაიმე, რა ვქნა, ვაიმე, მომეხმარე, ვაიმე, ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება, სახელმწიფო გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ასე შემდეგ“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში სოციალურად დაუცველს დაეხმაროს.

„და ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუქმნას იმის პირობები, რომ ის პირველ რიგში თავის თავს მიეხმაროს, თავის ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და შემდეგ სხვებსაც მიეხმაროს. ეს არის სწორი მიდგომა და ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი მჭედლიძე. მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის, როგორც იქიდან წამოვიღეთ ერთი ორი კარგი იდეა და გავაკეთეთ, მითხარით რაღაც ისეთი, რომ წავალ და რაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ.

ეგ არის და ეგ. აქ კიდევ, ლოკალურად რაღაც დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ და უნდა მოვემზადოთ 2021 წლისთვის, უფრო ძლიერად შევხვდეთ ეკონომიკურად. ამაშიც შემიძლია, რაღაც ეფექტური ნაბიჯები გადავადგათ, რაც რეალისტური იქნება და არა ისეთი, რომ გამიუქმეთ გადასახადები. მარტივია იმის მოთხოვნა, რომ გამიუქმე გადასახადები. ასე ყველაფრის მოთხოვნა მარტივია“,- განაცხადა გახარიამ.