ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია იწყება

1566

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, 2 ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის ტენდერიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

„განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.