ბორჯომის პარკში წლის ბოლომდე ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება

1333

ბორჯომის ცენტრალური პარკი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება, როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ წლის ბოლომდე დამთვალიერებლები პარკში უფასოდ შევლენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ბორჯომის პარკში ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„15 ივნისს ვაპირებთ ოფიციალურად პარკის გახსნას. რაც შეეხება გადასახადს, 2020 წლის ბოლომდე ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასო იქნება. ამ ეტაპზე ხდება როგორც ატრაქციონების ასევე ტერიტორიის მომზადება,“ – გვითხრა ბორჯომის პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კუჭუხიძემ.

კორონავირუსის პრევენციის გამო, სამცხე–ჯავახეთში მარტის დასაწყისში ყველა მუზეუმ–ნაკრძალი დაიხურა. ერთადერთი იყო ბორჯომის პარკი, რომელიც ვიზიტორებისთვის არ დაკეტილა.

პანდემიამდე პარკში შესვლა ბორჯომელებისთვის უფასო იყო, ხოლო საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის და უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენდა. სხვადასხვა სახის შეღავათებით სარგებლობდნენ სტუდენტები, მოსწავლეები და ომის ვეტერანები.