აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში რეგიონში 60 000-ზე მეტმა პირმა დახმარებით უკვე ისარგებლა. საუბარია, როგორც თვითდასაქმებულებისთვის გამოყოფილ ერთჯერად დახმარებაზე, ასევე ექვს თვეზე გადანაწილებულ კომპენსაციაზე.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომუნალური ხარჯების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების, დაახლოებით, 60-70%-მა ისარგებლა.
”პანდემიის პირობებში ძირითადი გამოწვევა იყო მოსახლეობის საჭიროებები, რომელიც კონკრეტული შეზღუდვებიდან გამომდინარე ოჯახებს აწუხებდათ. შესაბამისად ჯერ სარეზერვო ფონდიდან, შემდეგ უკვე კერძო სექტორია და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით აჭარაში პირველ ეტაპზე, სამთავრიბო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა 30 000 მეტი სასურსათო კალათის შეძენა, კერძო სექტორის მონაწილეობით მოგვიანებით ეს რიცხვი გაორმაგდა. აჭარაში პრაქტიკულად არ დარჩენილა არცერთი მოწყვლადი ოჯახი, როგორიც იყო მაგალიტად მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული პირი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე, რომ სასურსათო კალათის გარეშე დარჩენილიყო.
ვიცით, რომ ეს არც მაშინ და არც ახლა არ არის საკმარისი და ეკონომიკის თანმდიდევრული და მწყობრი აღდგენის პარალელურად მოხდება მათი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ელემენტარული ზრუნვის გარეშე.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დღეის მონაცემებით მხოლოდ აჭარაში 60 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, აქ საუბარი მაქვს 1200 ლარიან კომპენსაციაზე, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.