ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქობულეთის მერიამ პლაჟზე საშხაპეების მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი მოახლოებულ სეზონზე 7 ახალი საშხაპის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც 9 500 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რაც შეეხება გასახდელებს, სანაპიროზე მათი მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდებიან.
“წელს ჯამში იგეგმება 7 ერთეული საშხაპის შეძენა, რისთვისაც 9 500 ლარი დაიხარჯება. შარშან მოეწყო 15 საშხაპე, რისთვისაც 18 107 ლარი დაიხარჯა. შარშან საშხაპეების პარალელურად მოეწყო ახალი გასახდელები, ჯამში 15 ცალი. წელს გასახდელების მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ბიუჯეტში თანხა იდო, თუმცა ტენდერი არ გამოცხადდა, რადგან საშხაპეები დახურული სივრცეა, მათ მოწყობაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ამ დროისთვის არ გვაქვს. ჯამში წელს ქობულეთის სანაპიროზე 22 ახალი საშხაპე იქნება”- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.
რა ფორმით და რა პირობით მოხდება სანაპიროს იჯარით გაცემა, დაიშვება თუ არა საერთოდ შეზლონგების განთავსება პლაჟზე? ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია. მათივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდებიან და საკითხი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გადაწყდება.
ქობულეთის სანაპიროზე 7 ახალი საშხაპის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 25 ივნისს სრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა დაასრულოს.