აჭარაში აგროტექნიკაზე 50%-იან დაფინანსებას, სავარადუდოდ, მხოლოდ ერთი ფერმერი მიიღებს

1050

პროგრამა ფერმერებისთვის, რომელზე წვდომაც სოფლად მცხოვრებელთა უმეტესობას არ აქვს. მას ვისაც მოტობლოკის და ტრაქტორის შეძენის საჭიროება აქვს სახელმწიფო 50%-იანი თანადაფინანსებას სთავაზობს, თუმცა, განაცხადების შეტანის წარდგენის პროცესი იმდენად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომ ფერმერთა უდიდესი ნაწილი რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ტვ25 სიუჟეთს ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ პროგრამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის.

“ხელების ამარა 57 წლის ფერმერი მას შემდეგ დარჩა, რაც მოტობლოკის თანადაფინანსებით გადაცემაზე სახელმწიფოსგან უარი მიიღო. თამაზ ვარშანიძე ხელის ტრაქტორის მყიდველთა გრძელ სიაში გასულ წელს ჩაეწერა. თანადაფინანსებითვის თანხაც დაზოგა, რიგსაც მოთმინებით ელოდა, თუმცა სურვილის მიუხედავად აგროტექნიკის  შეძენა ვერ შეძლო. უთხრეს, რომ პროგრამა შეწყდა და მას შემდეგ 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობს,  სოფელ თხილნარში მცხოვრები  საკუთარი ძალებით ამუშავებს. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედების შესახებ წელს არაფერი გაუგია:

“გიორგი დუმბაძე კიდევ ერთი ფერმერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან. თხილნარში მცხოვრებს უკვე წლებია სოფელში სათბური აქვს. სჭირდება ხელის ტრაქტორიც. ვარშანიძისგან განსხვავებით აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ იცის,  თუმცა ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო თანამონაწილეობა არასაკმარისად მიაჩნია. სწორედ ამიტომ, მოტობლოკის ყიდვა გადაიფიქრა.

არ გაუმართლა არც ამ მოტობლოკის მფლობელს. ამბობს, რომ პროგრამის შესახებ არც ადრე იცოდა და არც წელს უთხრეს არაფერი. ამიტომაც, აგროტექნიკა საკუთარი სახსრებით შეიძინა,”- ნათქვამია სიუჟეტში.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პრემიერმა წარადგინა და თავიც მოიწონა, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. დოკუმენტაციის წარდგენა წელს ფერმერებს 29 მაისს,  ონლაინ პორტალზე www.arda.gov.ge. შეეძლოთ. პროცესი მალევე, დაახლოებით 2 საათშივე  შეწყდა, რის გამოც მოქალაქეთა უდიდესმა ნაწილმა დარეგისტრირება ვერ მოახერხა. ტექნიკის გარეშე დარჩენილ ფერმერთა პრეტენზიებს იცნობენ მესამე სექტორში. დარგის სპეციალისტი მიიჩნევს,რომ  პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს.

50%-იან დაფინანსებას აგროტექნიკაზე აჭარიდან, სავარადუდოდ, მხოლოდ ერთი ფერმერი მიიღებს. განაცხადის რეგისტრირება  მოტობლოკების და ტრაქტორების შეძენაზე რეგიონიდან მხოლოდ  ერთმა ადგილობრივმა მოასწრო. ქვეყნის მასშტაბით კი ჯამში 400-მდე განაცხადი შევიდა. პროგრამის განმახორციელებელ უწყებაში იციან, რომ პროცესში ხარვეზები არსებობს, თუმცა იმით იმართლებენ, რომ მოქალაქეთა ინფორმირებულობის კუთხით მაქსიმუმი გააკეთეს. გიორგი ჯიბლაძის თქმით, განაცხადების მიღება მალევე იმის გამო შეწყდა, რომ მომართვიანობა მაღალი იყო და გათვალისწინებული ბიუჯეტი მალევე ამოიწურა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ  200 ტრაქტორი, 80 ათასი კვ/მ სათბური დაფინანსდება  და 400 ჰექტარი  მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა. გააგრძელებს თუ არა სამომავლოდ სახელმწიფო ფერმერთა თანადაფინანსებას, ამ ეტაპზე სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში ვერ გვიპასუხეს.